ჟურნალი „ქართული წყაროთმცოდნეობა“ 1965 წელს დაფუძნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე. იმ დროს ეს იყო ამ სამეცნიერო ინსტიტუტის ერთ-ერთი განყოფილების კრებული სადაც უმთავრესად, სწორედ ამ განყოფილების თანამშრომელთა სტატიები იბეჭდებოდა. პირველ ეტაპზე პერიოდული გამოცემის მიზნებიც შესაბამისად შედარებით ვიწრო გახლდათ. ტერმინი „წყაროთმცოდნეობაც“ გაგებული იყო, როგორც ვიწრო, სპეციფიკური კვლევის მნიშვნელობით. გამოცემის განვითარებასთან ერთად გაფართოვდა მისი ავტორთა წრე და თემატიკაც. უკვე 2010 წლიდან კი ის გამოდის, როგორც ფართო პროფილის მქონე სამეცნიერო ჟურნალი. ამ დროიდან მოყოლებული ჟურნალს რედაქტორობენ პროფესორები გიული ალასანია და მარიამ ჩხარტიშვილი. მათი ხელმძღვანელობის პერიოდში შეიცვალა რედკოლეგია, ჟურნალს დაემატა ახალი რუბრიკები, შეიცვალა ტერმინ „წყაროთმცოდნეობის“ ტრადიციული გაგებაც, მის ქვეშ უფრო ფართო მნიშვნელობა, კერძოდ, ყველა ტიპის წყაროთა ანალიზი მოიაზრება.
სტატატიის გამოსაქვეყნებლად მიღების შემდეგ ავტორები ვალდებულები არიან დოკუმენტურად დაადასტურონ რედაქციისათვის საავტორო უფლების გადაცემა, იმისათვის, რომ ჟურნალის რედაქციამ შეძლოს მისი ინდექსირება საერთაშორისო ბაზებში.
ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. უფასოდ მიიღებენ ავტორები ჟურნალის ერთ ბეჭდურ ცალს.