დაიბეჭდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ 23-ე ნომერი. მკითხველი ახალ ნომერში იხილავს როგორც ტრადიციულ, ისე განახლებულ რუბრიკებს. ჟურნალი აერთიანებს სულ თორმეტ რუბრიკას, სადაც წარმოდგენილია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების, ფართო პროფილის მქონე ორიგინალური სამეცნიერო კვლევები, ასევე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე სამეცნიერო პროცესის ამსახველი ქრონიკები: ახალი წიგნების გამოცემის, სამეცნიერო კონფერენციების, საინფორმაციო მასალების, ინტერვიუს, პრობლემური საკითხების შესახებ არსებული თვალსაზრისები და ა. შ.
ჟურნალი „ქართული წყაროთმცოდნეობა“ არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული სამეცნიერო მედია, რომლის მიზანია ისტორიული და ზოგადად ჰუმანიტარული პროფილის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და ქართულ სამეცნიერო სივრცეში საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტების დამკვიდრება.