მოწვევა
ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ 2023 წლის ნომერში სტატიის წარმოსადგენად
ცხადდება სტატიების მიღება ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXV ტომისათვის.
ტომი გამოიცემა 2023 წლის ბოლოს.
სტატია შეიძლება იყოს ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი, ისტორიოგრაფიული პროფილის ორიგინალური გამოკვლევა. ტერმინი „წყაროთმცოდნეობა“ გამოყენებულია ფართო გაგებით, როგორც ყველა ტიპის წყაროთა (და არა მხოლოდ წერილობითი წყაროების) შემსწავლელი მეცნიერება. შესაბამისად, ჟურნალში დასაბეჭდად მიიღება არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგში შესრულებული ნაშრომებიც. არც რეგიონის, არც ქრონოლოგიის მიხედვით შეზღუდვა არ არსებობს. კვლევა შეიძლება შეეხებოდეს უძველესი დროიდან დღემდე პერიოდში ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას ნებისმიერი ხალხის ისტორიულ გამოცდილებას.
კვლევითი სტატიების გარდა შესაძლებელია წყაროების ტექსტების გამოქვეყნება შესაბამისი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კომენტარებით.
მიიღება განსვენებულ მეცნიერთა არქივებში დაცული განსაკუთრებული ღირებულების მქონე გამოუქვეყნებელი ნაშრომებიც სათანადო სამეცნიერო აპარატითა და კომენტარებით.
ჟურნალი გამოაქვეყნებს წყაროთა და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანებს, რეცენზიებს, სამეცნიერო ცხოვრების სხვადასხვა ფაქტის (კონფერენციის, ვორქშოფის, წიგნის პრეზენტაციის და ა.შ.) ამსახველ ინფორმაციებს; სამეცნიერო პოლემიკის მასალებს, ინტერვიუებს, კომენტარებს, მოგონებებს დარგის სპეციალისტების შესახებ, ნეკროლოგებს.
ციტირებისა და სამეცნიერო ლიტერატურის დამოწმების, სტატიის გაფორმების წესებისათვის იხ გზამკვლევი ავტორთათვის.
ავტორებმა სტატიები თანდართულ საილუსტრაციო მასალებთან ერთად უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
ავტორებმა აგრეთვე უნდა გადმოაგზავნონ შევსებული განაცხადის ფორმა. იხ. (დანართი 1).
სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ივლისი. ამ ვადის შემდგომ რედაქციაში შემოსული სტატიების განხილვა მოხდება ჟურნალის მომდევნო ნომრისათვის.
გადაწყვეტილებას სტატიის გამოქვეყნების თაობაზე მიიღებენ რედაქტორები სამეცნიერო ექსპერტების რეკომენდაციებისა და შენიშვნების და, აგრეთვე, ავტორთა განმარტებების გათვალისწინების საფუძველზე. რედკოლეგია იტოვებს უფლებას გამოსაქვეყნებლად მიღებულ სტატიაში ავტორთან შეთანხმებით შეიტანოს სტილთან და ნაშრომის გაფორმებასთან დაკავშირებული ცვლილებები.
სტატიის გამოსაქვეყნებლად მიღების შემთხვევაში, ავტორები ვალდებული იქნებიან რედაქციას გადაუგზავნონ საავტორო უფლების ჟურნალისათვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს აუცილებელია, რათა რედკოლეგიამ შეძლოს ჟურნალის ჩართვა სხვადასხვა სამეცნიერო ბაზაში.
ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. უფასოდ მიიღებენ ავტორები ჟურნალის ერთ ცალს.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ავტორებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჟურნალის რედკოლეგიის წევრს, ისტორიის დოქტორ ზურაბ თარგამაძეს შემდეგ ნომერზე: 577 622134.